მთავარი » 2013 » ნოემბერი » 23 » Bat House
10:38 PM
Bat House
ხმაური რამდენიმე წუთი გაგრძელდა… მერე მინელდა და ბოლოს სულაც მიწყდა. თეი და ანდრო შიშისაგან კიდევ კარგა ხანს ვერ ბედავდნენ ფეხზე ადგომას. 

ანდრომ ოთახი მოათვალიერა და მხოლოდ მაშინ წამოდგა ფეხზე, როცა დარწმუნდა, რომ ეს ამბავი კედლებს გარეთ ხდებოდა. 

თეი ისევ კანკალებდა. 

- ეს რა იყო?.. - ძლივს ამოღერღა გოგომ და მიიხედ-მოიხედა. 

- არ ვიცი… თითქოს მომეჩვენა... 

- თქვი!.. - ღამურები, ხომ? 

ანდრომ აღარაფერი თქვა, მხოლოდ თავი დააქნია უხმოდ.


- ღამურები! - "ღამურების სახლი"… ამ ყველაფერს მე ვიწვევ, მე ვქმნი!.. 

- მოიცა რაა... - მაგათაც ეგ უნდათ, რომ ეგ ვიფიქროთ! ამას თვითონ აკეთებენ!.. 

- რისთვის? რა დავუშავეთ?.. ან ასე უცბად სად იშოვეს ამდენი ღამურა?.. ეს ხომ შეუძლებელია?!. ასეთი რამის გაკეთება ადამიანის ძალებს აღემატება! 

-მოიცა, უნდა დავფიქრდე... - ამ ოთახის გარეთ სივრცეა… რაღაც კოშკისმაგვარში ხომ არ ვართ, ნეტა?.. 

ანდრო ოთახში სცემდა ბოლთას და თავისთვის მსჯელობდა. 

-კოშკისმაგვარში?.. 

-უცნაური ის არის, რომ აშკარად ოთხივე კედელს ეხეთქებოდნენ… 

- კიი, მართალი ხარ! საერთოდ, ღამურებს მიტოვებული ადგილები უყვართ. გამოქვაბულები, დაცარიელებული შენობები... ასეთ ადგილებში იდებენ ბინას...

- გეთანხმები! უცებ გრაფი დრაკულა გამახსენდა ახლა და დამბურძგლა! იქნებ ჩვენც ძალიან შორს, მიტოვებულ შენობაში ვართ და... სადმე ახლოს ღამურების ბუდეა...

- ჩვენი მდგომარეობა იმდენად უცნაურია, რომ არაფერი გამიკვირდება! არ გამიკვირდება, თუ კუპე-დიების ტყვეები აღმოვჩნდებით...

- ვისი?

- კუპე-დიების... ლეგენდის თანახმად, ასე ჰქვია ღამურასფრთიან ხალხს...

- თეე, შენ ძალიან ფანტასტიკაში წახვედი...

- ვიცი... უცებ გამახსენდა ეს ლეგენდა... ესეც ბაბუას მითოლოგიის წიგნში მაქვს წაკითხული...

- და რა ლეგენდაა? მომიყვები?

- კიი... 

თეიმ საწოლზე ბალიში წამოსწია, წამოწვა და ანდროსაც ანიშნა, მის გვერდით წამოწოლილიყო. ანდრო დაემორჩილა, მისკენ გადაბრუნდა, თავქვეშ ხელი ამოიდო და მოსასმენად მოემზადა.


- სან-ვინსენტეში, მდინარე არაგუაის მახლობლად, მორსეგოს მთაა! მორსეგო, - ინდიელთა ენაზე - ღამურას ნიშნავს. ამ მთაში უზარმაზარი გამოქვაბულია. გამოქვაბულს დაბალი შესასვლელი და თაღში სარკმელივით პატარა ხვრელი აქვს დატანებული. 

გამოქვაბულში უხსოვარ დროს კუპე-დიები - ღამურასფრთიანი ადამიანები ცხოვრობდნენ.

ერთხელ ერთმა ინდიელმა მორსეგოს მთის მახლობლად ირემი დაიჭირა. გვიანი ღამე იყო და შინ დაბრუნებას გამოქვაბულში დარჩენა ამჯობინა. ვიდრე ინდიელს ეძინა, გარს კუპე-დიები შემოეხვივნენ და ნაჯახებით თავი გაუჭეჭყეს.

- საწყალი...

- მონადირეს მისმა ნათესავებმა დაუწყეს ძებნა და გვამი იპოვეს. მიწას უამრავი ნაფეხური აჩნდა. ეს ნაფეხურები თავს იყრიდა მიცვალებულის ირგვლივ და აღარსად მიდიოდა. მას მერე ინდიელები ამ ადგილს ძალიან უფრთხოდნენ, მაგრამ ერთხელ ორ მონადირეს სწორედ ამ მთასთან შემოაღამდა. მათ თან პატარა ბიჭი ახლდათ.

შუაღამისას გამოქვაბულის სიღრმიდან სიმღერა შემოესმათ. პატარა ბიჭს შეეშინდა და იქვე, ახლოს დაიმალა. მალე ფრთების შრიალით მოფრინდნენ კუპე-დიები და ორივე მონადირე მოკლეს. ბიჭი ვერ დაინახეს. ბავშვმა ეს ამბავი მთელ სოფელს შეატყობინა...

- რა საინტერესოა, მერე? რა მოხდა მერე?

- აპინაჟეს ტომის ოთხივე სოფლის მეომრები კუპე-დიებთან საბრძოლველად გაემართნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ღამურასფრთიანი ხალხი სულ ამოეჟლიტათ. მივიდნენ მორსეგოს კლდესთან და გამოქვაბულის შესასვლელში ხმელი ფიჩხის გორა აღმართეს. ვიდრე მეომრების ერთი ჯგუფი კოცონს ანთებდა, მეორე კლდეს უვლიდა და გასასვლელს ეძებდა, მაგრამ ძალიან გაუძნელდათ მისი პოვნა. ფიჩხს ცეცხლი წაუკიდეს და კოცონი აბრიალდა...

- მერე, მერე? - ანდრო საწოლზე წამოჯდა და საწოლის საზურგეს მიეყრდნო.

- როგორც კი ცეცხლის სიმხურვალე იგრძნეს, თავგზააბნეულმა კუპე-დიებმა ფრთა-ფრთას შემოჰკრეს, გამოქვაბულის ზედა სარკმლიდან გამოფრინდნენ და სამხრეთისკენ აიღეს გეზი. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ინდიელებმა ისრით ერთი ღამურასფრთიანი ადამიანის დაჭერაც კი ვერ მოასწრეს. კუპე-დიები სამხრეთისკენ გაფრინდნენ... ლეგენდის თანახმად, ახლაც იქ ცხოვრობენ...

- ზღაპარია!

- ვიცი... ამ ისტორიას გაგრძელებაც აქვს...

- როგორი?

- კოცონი რომ მინელდა და კვამლი გაიფანტა, მეომრები გამოქვაბულში შევიდნენ. იქ კუპე-დიების ნაქონი უამრავი ნაჯახი იპოვეს. შუა გამოქვაბულში კი დიდ ქვას ამოფარებული ღამურასფრთიანი პატარა ბიჭი ნახეს, ასე, ექვსი წლის იქნებოდა. კვამლისაგან გაბრუებულს უნდოდა, სადმე დამალულიყო. მეომრებმა მისი მოკვლა დააპირეს, მაგრამ ერთ-ერთს შეეცოდა და თან წაიყვანა.

ბიჭს აპინაჟეს ტომის ინდიელებთან დიდხანს არ უცხოვრია. ერთხელ მიწაზე დაწოლილი ნახეს... ბიჭი ცას უყურებდა და სევდიანად მღეროდა: "უ-უა, კლუნა კლოსირე... კლუდ პესეტირე..." - წაიმღერა თეიმ.

- ასე კარგად როგორ გახსოვს? სიმღერაც... - მაოცებ!

- როცა სიმღერა დაასრულა, კისერზე ფრთიანი ხელები შემოიხვია, თვალები დახუჭა და... 

- მოკვდა?..

- კი...

- სევდიანი ლეგენდაა!

თეიმ ანდროს ნაღვლიანად შეხედა. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ანდრომ თეის ხელი გადახვია და თავისკენ მიიზიდა. თეიმ თავი მკერდზე დაადო. ყურში მისი აჩქარებული გულისცემა ესმოდა...

- ჩვენ არ ვართ კუპე-დიების ტყვეები, თეე... ასე რომ იყოს, აქამდე გაგვიჩეჩქვავდნენ თავებს ნაჯახებით...

- ჰო... ჩვენ უფრო საკუთარი თავის ტყვეები ვართ...

ანდრომ ზევით აიხედა და ჭერს დააკვირდა.

- იქნებ მაღლიდან ჩამოდიან? ან ქვემოდან...

თეიმ უცებ გააცნობიერა, რომ საწოლი არასოდეს გაუწევია... ანდროს შეხედა, თითქოს უსიტყვოდ ამოიკითხეს ერთმანეთის აზრი. ორივე ერთდროულად წამოხტა ფეხზე და ერთობლივი ძალებით საწოლი გვერდზე გასწიეს. 
მოულოდნელობისაგან ორივემ ერთხმად შეჰყვირა...


XoXo Your ChuPa
კატეგორია: Book | ნანახია: 1091 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 9

(2013-11-27 4:12 PM)
* 9 salo   [Entry]
male gtxoob ♥
umagresia ♥