4:01 PM Bat House [1] | |
ეს უცნაური ამბავი ერთ პატარა, უკარფანჯრო ოთახში დაიწყო. ახალგაზრდა გოგომ სწორედ ამ ოთახში გაახილა თვალი. თავი ძალიან დამძიმებული ჰქონდა და აზროვნება უჭირდა. თითქოს, ერთი თვე ძილში გაეტარებინოს... თავს ძალიან უცნაურად გრძნობდა. ვერაფრით ვერ შეძლო, გონება მოეკრიბა და გაეხსენებინა, აქ საიდან, როდის და როგორ აღმოჩნდა. ოთახი ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. მას არც კარი ჰქონდა და არც ფანჯარა, - თითქოს ერთიანად ჩამოესხათ. საოცარი კი ის იყო, რომ სინათლის წყარო არსად ჩანდა. გაუგებარი იყო, თუ საიდან შემოდიოდა ოთახში ხან მთვარის მკრთალი შუქი, ხანაც დღის სინათლე... ოთახი საშუალო ზომისა იყო. დიდი საწოლი იდგა, ორი სკამი, მაგიდა და პირსაბანი. მაგიდაზე ყველაფერი წყვილად ეწყო: - თეფშები, ჭიქები, ჩანგლები და ა.შ. პირსაბანის ზემოთ, კედელზე სარკე ეკიდა. ასეთ ვითარებაში აღმოჩენა ვის არ ჩააგდებს სასოწარკვეთილებაში... მაგრამ იმედი ხომ ბოლოს კვდება... გოგოსაც იმედი ჰქონდა, რომ მალე ყველაფერი გაირკვეოდა. ოთახში სინათლე მხოლოდ რაღაც მექანიზმის წყალობით იცვლებოდა - მთვარის შუქიდან დღის განათებაზე და პირიქით. აქ დრო პირობითი იყო... ვერ გაიგებდი, როდის თენდებოდა და როდის ღამდებოდა სინამდვილეში. გოგოს გათვლით, ოცი დღე იყო გასული, რაც ამ ოთახში ცხოვრობდა, თუკი ამას ცხოვრება ჰქვია. ვერ იხსენებდა, როდის დაიძინა, ხოლო გაღვიძებისას მაგიდაზე კვერცხი, პური და ჩაი ხვდებოდა. ოთახის თითოეული სანტიმეტრი თითებით ჰქონდა გასინჯული და შესწავლილი. კედლებზე არანაირი კვალი, არანაირი ნიშანი, არავითარი ნაწიბური... ამას საერთოდ გადაჰყავდა ჭკუიდან. ყოველ ჯერზე თვალებს იმ იმედით ახელდა, რომ ნაცრისფერი ჭერის ნაცვლად ცას დაინახავდა... ამჯერადაც გაუცრუვდა იმედი, - ოთახი დღის სინათლით იყო განათებული, როგორც კარგ, მზიან ამინდში. გოგომ ამოიოხრა: - ეჰ, გათენდა... მოულოდნელად მის გვერდით რაღაც ამოძრავდა... შეშინებული გოგო წამოხტა და ადგილზე გაშეშდა. მის საწოლში ახალგაზრდა ბიჭი იწვა და ეძინა. გოგოს ყვირილზე ისიც შეშინებული წამოხტა. ჯერ მას შეხედა გაკვირვებულმა, მერე ირგვლივ მიმოიხედა და დაბნეული კედელთან აიტუზა. ნამძინარევს ისეთი გამომეტყველება ედო სახეზე, რომ გოგო მაშინვე მიხვდა, - ისიც მისნაირი მსხვერპლი იყო. აი, თურმე რას ნიშნავდა წყვილი ჭურჭელი და სკამები... თურმე აპირებდნენ მეორე მსხვერპლის შემოყვანას!.. ბიჭს მართლაც არაფერი ახსოვდა, გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივ დაამთავრდა სამუშაო დღე, გამორთო კომპიუტერი და სახლისკენ გაეშურა. ამის მერე ვერაფერს იხსენებდა. კარგა ხანს დამუნჯებულივით იჯდა. გოგოს ნაამბობი ბოლომდე მოისმინა და მერეღა შეძლო ხმის ამოღება. - ალბათ, გზაში მომიტაცეს!.. გამთიშეს... ვინ ოხრები არიან?.. რა უნდათ? თუ ჩვენი აქ ამოხოცვა უნდათ... გოგომ პირზე ხელი ააფარა და შეშინებულმა ყურში ჩასჩურჩულა: - გაჩუმდი! რამე ისეთი არ წამოროშო, რასაც ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ! მგონი, გვისმენენ! ბიჭმა მიმოიხედა და ხმადაბლა გააგრძელა ლაპარაკი. - ალბათ, მართალი ხარ! სავარაუდოდ, გვისმენენ... კედლებში მოსასმენი აპარატები ექნებათ ჩამონტაჟებული... - გვაკვირდებიან! გვსწავლობენ! - ამას უკვე მივხვდი! - როგორ? გოგო მაგიდასთან მივიდა, კვერცხი გაფცქვნა და ჭამა დაიწყო. - არ ისაუზმებ? - როგორ შეგიძლია ჭამა? -დიდი ხანია აქ ხარ? - კაცმა არ იცის... - მგონი, ქათმები უნდა ჰყავდეთ... - ვის? - ამათ! - ყოველდღე კვერცხი! დილით, შუადღეს, საღამოს... უკვე გული მერევა... გოგომ ჩაი მოსვა. - უჰ, ყავა რას დამამშვენებდა!!! სანამ აქ მოვხვდებოდი, დილა ყავის გარეშე ვერ წარმომედგინა! - მოიცა და.... - ჩვენ ასე უნდა შევეგუოთ ამ ყველაფერს?.. - თუ სხვა ვარიანტი გაქვს რამე, მეც მასწავლე! - რა უცნაური გემო აქვს ამ ჩაის... გოგოსგან განსხვავებით, ბიჭი განერვიულებული აწყდებოდა ოთახის კედლებს, ყველაფერს სინჯავდა... გოგო კი მშვიდად სვამდა ჩაის და თან თვალს არ აშორებდა მას. - ტყუილად ირჯები! მე უკვე ყველა მილიმეტრი შესწავლილი მაქვს. ბიჭი საწოლზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო. - მაინც ვინ არიან?!. რა უნდათ? - თუ ფულის გამოძალვის მიზნით ვყავართ დაჭერილები, დიდ ხეირს ვერ ნახავენ... - რას ამბობ! მე ვფიქრობ, უფრო ექსპერიმენტს ატარებენ ჩვენზე! - რა ექსპერიმენტს?.. მაგათ საცდელი ვირთხები ხომ არ ვგონივართ?!.. - როგორც ჩანს... - და ეგ საიდან დაასკვენი? - აბა, ამხელა დაფინანსება საიდან? როგორ ფიქრობ, რა დაჯდებოდა ამ ოთახის აშენება?.. ერთი ხვრელი არა აქვს და ვენტილაცია როგორ მუშაობს... სინათლე საიდან შემოდის?.. - კედლებია ალბათ შუქგამტარი... ათასნაირი ტექნოლოგია არსებობს... მე უფრო ის მაინტერესებს, - როგორ შემოდიან? - შემოდიან?.. - ჰო, აბა, საჭმლით ვინ გამარაგებს? ყოველდღე ხომ გხვდება მაგიდაზე კვერცხი და ჩაი? - ჰოო... როგორ მიჭირს აზროვნება! ეგ კი ვერ მოვიფიქრე... - თუ ეს ექსპერიმენტია, არალეგალური იქნება, სავარაუდოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გაგვიშვებენ! ინფორმაციამ რომ არ გაჟონოს... ჩვენ აქ დავიხოცებით!!! - იმედია, ეს ვარაუდი მცდარია! ბიჭი საწოლიდან წამოდგა, გოგოსთან მივიდა და ყურში ჩასჩურჩულა. - ჩვენ არ უნდა დავიძინოთ! თავი უნდა მოვიმძინაროთ... თუ ისინი მართლა შემოდიან, მაშინ გავიგებთ!!! იქნებ გავიქცეთ კიდეც... -შენ ფიქრობ, მე არ ვცადე? რამდენჯერ ვეცადე, არ დამეძინა, მაგრამ ვერ ვგებულობ, როდის მეძინება. ალბათ, ჰაერში უშვებენ რაღაცას! ბიჭმა საწოლს გახედა. - საწოლი ერთია! მაგრამ, თუ მართლა ვერ გავიგებთ, როგორ დაგვეძინება, მაშინ სულერთია, ერთი იქნება თუ ორი. გოგოს გაეცინა. - რაც აქ ვარ, პირველად გავიცინე. უცხო მამაკაცთან ერთად ისე უნდა დავიძინო, ვითომ არაფერი... - მოდი, ვარიანტებზე ვიფიქროთ! - რაც აქ ვარ, სხვა რამეზე არც მიფიქრია! - და... ექსპერიმენტის გარდა, სხვა რა ვერსია მოგაფიქრდა? - ამაზე უკეთესი არაფერი! -იქნებ რაღაც პოლიტიკური ამბავია?! იქნებ ახალი პროექტის შემუშავებას აპირებენ და ჩვენზე სცდიან? ან რაიმე რეალურ შოუში გვიღებენ და მთელი მსოფლიო გვიყურებს... - ეგეთ რაღაცას მონაწილეების თანხმობის გარეშე არ აკეთებენ, თუმცა, ეგ უფრო იმედისმომცემი ვერსიაა! მოდი, მოვლენებს მივყვეთ! როგორც შერლოკ ჰოლმსი ამბობდა: "გამოვრიცხავთ შეუძლებელს და დარჩება ჭეშმარიტება!" - შენ დაიწყე! ბიჭი გოგოს პირდაპირ, სკამზე ჩამოჯდა. - დავიწყოთ იმით, თუ რატომ აგვირჩიეს ჩვენ... რა მიზეზით?! - ჩვენ შორის არის რამე მსგავსება, თუ პირიქით... ორი უკიდურესობა ვართ? ჩვენ არ ვიცით იმათი პოზიცია, მაგრამ ვიცნობთ საკუთარ თავებს. იქნებ გასაღებიც აქ არის დამარხული, იქნებ ისინიც ამას ელოდებიან ჩვენგან?!. - ჭკვიანურია! დაიწყე მოყოლა! - მე... უი, რა უცნაურია... - რა არის უცნაური? - ამდენი ხანია ვლაპარაკობთ და ერთმანეთის სახელები არ გვიკითხავს... როგორ მივმართავდით ერთმანეთს? - არ მივმართავდით, უბრალოდ, ვსაუბრობდით! - რა გქვია?.. ჰკითხა ბიჭმა და გაიღიმა. - მე... მე მქვია... ღმერთო ჩემო!.. - რა მოხდა? - ჩემი სახელი... - არ მახსოვს!.. ვერ ვიხსენებ!.. გოგომ ორივე ხელი თვალებზე აიფარა და ნერვიულობისაგან მთლად აკანკალდა. ბიჭი მასთან მივიდა, ხელები ნაზად ჩამოაღებინა და დაამშვიდა. - დაწყნარდი, მაგაზე არ ინერვიულო! - გაგახსენდება! აუცილებლად გაგახსენდება... უცებ გამომეტყველება მასაც შეეცვალა. გაფითრდა. ერთხანს ხმას ვერ იღებდა... გოგოს ზურგი შეაქცია და ძლივს ამოთქვა: - საკუთარი სახელი მეც არ მახსოვს... გოგოს ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა. - ეს როგორ გააკეთეს... თუ შეუძლიათ, რომ ჩვენს მეხსიერებაში შემოვიდნენ და რაც უნდათ, ის ამოშალონ, ესე იგი... გამოდის, რომ... - რა? რა გამოდის? - გამოდის, რომ ადამიანები არ არიან... გოგო საკუთარმა სიტყვებმა ისე შეაშინა, რომ საწოლზე აცოცდა და ბიჭს ჩაეხუტა. ორივეს უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში. ისეთი ლტოლვა იგრძნეს ერთმანეთის მიმართ, რომ ერთდროულად დაცილდნენ ერთმანეთს. - მთავარია, ისინი არ მიგვიხვდნენ! ჩურჩულით გააგრძელა გოგომ. - რას? - რომ მივხვდით!.. - და რას მივხვდით?.. - მივხვდით, რომ ისინი... - რა ისინი? - ისინი უცხოპლანეტელები არიან!!! უეცრად ყრუდ, შორიდან რაღაც მექანიზმის ხმაური გაისმა. ორივეს მაშინვე საწოლზე დაეძინა. ოთახში დღის განათება ღამის განათებამ შეცვალა! უცნაური მთვარის შუქი ანათებდა მძინარეთ... XoXo Your Chu♡Pa ეს მოთხრობა მე არ დამიწერია. ერ საიტზე გადავაწყდი და რომ წავიკითხე მომეწონა, საინთერესო აზრი აქვს. იმედია მოგეწონებათ წაიკითხავდ და დაკმენტარებთ. მოთხრობის ავტორია: თეა ინასარიძე P.S ეს თავი ანიმაციების და სურათების გარეშეა რადგან ვერ მოვიფიქრე ვინ ამერჩია პერსონაჟებად)))) | |
|
სულ კომენტარები: 13 | 1 2 » |
|