მთავარი » 2013 » თებერვალი » 11 » ექსკლუზიური ინტერვიუ ბერა ივანიშვილთან
1:01 AM
ექსკლუზიური ინტერვიუ ბერა ივანიშვილთან
„ჩემი კლიპი - „Favorite things" ამერიკაში რომ დატრიალდა, იმ დროს მე თბილისში ვიყავი. თვენახევრის მერე რომ ჩავედი, საერთოდ ვერ წარმომედგინა ქუჩაში თუ გამაჩერებდა ვინმე და მეტყოდა - შენს სიმღერას მოვუსმინე 2 წუთის წინ, რა მაგარიაო. ეს აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ჩემთვის. რამდენიმე უცხო ადამიანისგან თბილი დამოკიდებულება ვიგრძენი. ბერას გამო ქუჩები არ გადაკეტილა, მაგრამ ასეთ რამეს არ ველოდი, მიჩვეული არ ვყოფილვარ" - ასე დაიწყო ჩემი და ბერა ივანიშვილის სატელეფონო ინტერვიუ.
რაც პირველი კლიპი გამოუშვა, „Google"-ში მისი სახელის ჩაწერისას პირდაპირ ვარდება - Bera Ivanishvili Mr.Dream -„Favorite things". ბიზნესმენის შვილის ამერიკული პროექტი აქაც წარმატებით მიიღეს და როგორც ბერამ გვითხრა, შტატებშიც. ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და უკვე ზუსტად იცის, რაც უნდა. მეოცნებე და რომანტიკოს ბიჭს, ერთ დროს ჰობად ქცეული საქმე, უკვე კარიერად ექცა და წინ დიდი გეგმები აქვს. ახლა ამერიკაშია და საკუთარი ლეიბლის შექმნას აპირებს. თავის მუსიკალურ ჟანრს - Georgian Dream-ს ანუ ბერას არქმევს. ასე ერქმევა მის ალბომს, რომელიც აქ გამოვა. „ჟანრში არ ვიზღუდები, რეპს ვმღეროდი, ჯაზი მიყვარს, პატარაობიდან სხვადასხვა ინსტრუმენტზე ვუკრავ. ამიტომ ერთი განსაზღვრული ჟანრი არა მაქვს".
null

აქვს გამოთქმა - „იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის, მე თავიდან ბოლომდე ვიცინი".

თვენახევარია უკვე ამერიკაშია. „მინდა ათი დღე გამოვნახო სამშობლოში დასასვენებლად, მაგრამ ჯერ ეს ათი დღე არ ჩანს".

Mr.Dream მისი ფსევდონიმია.

მის ალბომზე ძირითადად ორი ადამიანი - ლედი გაგას კომპოზიტორი, რობ ფუსარი და მაიკლ ჯექსონის კომპოზიტორი, როდი ჯერკინსი მუშაობს. მენეჯერი ჰყავს, მაგრამ თვითონ მაინც ერევა მის საქმეში. „აქ მომღერალი მღერის და მოცეკვავე ცეკვავს, პროდიუსერი უგვარებს საქმეებს, მაგრამ, ჩემი აზრით, შენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. ვცდილობ, გავაკონტროლო ჩემი საქმე, ბიზნესი. მე არ მყავს ისეთი ადამიანი, ვისაც მთლიანად მივანდობ ჩემს საქმეს".

Mr.Dream-ს ოცნება აქვს - ლეიბლი შექმნას და ახალ არტისტებს გზა გაუკვალოს. ლეიბლზე - Georgian Dream-ზე (ქართული ოცნება) მუშაობა ამ პირველი კლიპით დაიწყო. მისი პირველი ალბომიც ბევრს გადაწყვეტს. „მუსიკის ბიზნესს ვერ დაგეგმავ, ამოუცნობი რაღაც არის. საქმე ადამიანის ემოციასთან გაქვს. ადამიანს შეყვარებას და ფანობას ვერ დააძალებ".

„ექსკლუზივს გეუბნებით"

ბერა: კლიპმა ისე იმუშავა, როგორც გვინდოდა. პირველი კლიპი შეგნებულად კლუბური სიმღერითა და ქორეოგრაფიული დადგმებით არ გაგვიკეთებია. კლიპში ფორტეპიანოზე ვუკრავ. წინ წამოვწიეთ ჩემი, როგორც მუსიკოსის იმიჯი. ამერიკაში ძალიან თბილად მიიღეს და ამით მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. ამ სიმღერას მეორეც მივაყოლეთ. არც ვაპირებდით მასზე კლიპის გადაღებას, მაგრამ რადიოებმა ისე დაიტაცეს და დაატრიალეს, რომ აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. მასზე კლიპი უნდა გადავიღო.

- რამდენად მეოცნებე ხარ?

- მეოცნებე ვარ. ჩემი პირველი ტექსტი, სიზმარში, 11 წლის ასაკში ფრანგულად დავწერე. Dream ოცნებაც არის და სიზმარიც. ორივე ახლოსაა ჩემთან. მერე სიმღერაში ვახსენე და შემოკლებულად ასე გამოვიდა - MR.Dream. ექსკლუზივს გეუბნებით. რეჟისორები კანის ფესტივალიდან რომ ჩამოვლენ, პირველ ქართულ სიმღერაზე უნდა გადავიღო კლიპი და მას „სიზმარი" ერქმევა. სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც მე მეკუთვნის. სცენარშიც ვერევი. არანჟირება ავთო ბადუაშვილისაა. მთლიანად ქართული პროდუქციაა. მას ბევრი ჩემი სიმღერა აქვს გაკეთებული. ამ სიმღერაზე ქართველების რეაქცია მაინტერესებს. 30 ქართული სიმღერა მაქვს და დიდხანს ვფიქრობდი, რომელი ამერჩია პირველად. ქართველებს განსაკუთრებულ პატივს ვცემ. როდესაც ქართულ ტექსტზე მიდის საუბარი, დიდი სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ ისეთი პოეზია გვაქვს და ჩვენთან ყოველი მეორე ისე მღერის, ძნელია ასეთი ხალხი გააოცო. ამიტომ ძალიან ხარისხიანი პროდუქცია უნდა წარუდგინო.

null
- სულ რამდენი ლექსი გაქვს?

- ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენაზე მინიმუმ 1000 ლექსი მაქვს. ქართულად უფრო მეტი მაქვს დაწერილი. დიდხანს ვერ ვბედავდი ქართული ლექსის დაწერას. გალაკტიონ ტაბიძე და მუხრან მაჭავარიანი მიყვარს. გული დამწყდა, რომ გარდაიცვალა. დღეს უკვე ფურცელზე არ ვწერ ლექსს, მბლოკავს. თავში ვწერ. მუსიკა უკრავს, რამდენიმეჯერ მოვუსმენ, ვფიქრობ ტექსტზე, მერე სტუდიაში შევდივარ და პირდაპირ ვმღერი.

- გვითხარი შენი ლექსის ერთი სტროფი.

- არ ვიცი ფურცელზე როგორ „გაიჟღერებს" ჩემი ლექსი, ამიტომ დაელოდეთ ჩემ სიმღერას და მელოდიასთან ერთად მოისმენთ.

- როგორია შენი ოჯახის წევრების შეფასება შენი საქმიანობისადმი?

- ბევრს არ ესმის, მაგრამ რეალურად ჩემი პირველი შემფასებლები ჩემი ოჯახის წევრები - ჩემი მშობლები იყვნენ. სად რეპი და სად დედაო. ამბობდნენ, ეს გატაცებაა და გაუვლისო, მაგრამ ჩემი მშობლები მე მხარს მიჭერდნენ.

- ახლა როგორია მამის შეფასება, როცა უკვე გზას ადგახარ და ოცნების ახდენამდე არც თუ დიდი დროა?

- ძალიან პოზიტიური. მამა საკმაოდ ჩართულია ამ საქმეში და მას რჩევას ყოველთვის ვეკითხები. ხვდება, რომ ჰობიდან ეს ჩემს ძირითად საქმიანობაში გადაიზარდა. ჩემი პატარა და, ჩემი პირველი ფანია. იცის ჩემი სიმღერების ტექსტები და ძალიან მიხარია, რომ ჩემზე კარგად მღერის.

„მოგანგსტერო ტიპები სულ ბრილიანტებში იყვნენ, ჯიმს კი ხის ჯვარი ეკეთა"

„დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე ვმუშაობ" - ასე უწერია „ფეისბუქის" გვერდზე. მუსიკოსი მხოლოდ თავის არჩეულ საგნებს სწავლობს, რომლებიც, მისი აზრით, ცხოვრებისთვის საჭიროა. ეს არის ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია და მსოფლიოს ისტორია. ეუფლება ინგლისურ ენას. ფილოსოფია მსოფლმხედველობისთვის მჭირდებაო.

„მუსიკოსი განათლებული უნდა იყოს, მე განსხვავებული ხედვა მაქვს ამაზე. განვითარებული უნდა იყო, რომ ბიზნესი აამუშაო. მუსიკა ჩვეულებრივი ბიზნესია.

null
- ცხოვრებისგან რას სწავლობ?

- ძალიან ბევრ რამეს. 13 წლის ვიყავი, როდესაც ოჯახს გამოვეყავი და ჩემს პროექტებზე საფრანგეთში დავიწყე სიარული. თვენახევრით პირველად დავტოვე ოჯახი და დამოუკიდებლად ვიცხოვრე. მერე, ამერიკაში რომ წავედი, იქ აბსოლუტურად განსხვავებული გარემო დამხვდა. ამხელა, უცხო ქვეყანაში არავინ გხვდება, არავინ გეხმარება, თავს ძნელად იმკვიდრებ, ეს დასაწყისისთვის რთული აღმოჩნდა. როცა მეგონა, რომ ჩემ პირველ სიმღერას ყველა ხელგაშლილი ელოდა, ჩავედი და ვნახე, რომ რეალობა სულ სხვაა და ძალიან დიდი კონკურენციაა. იმედგაცრუება არ მქონია. უბრალოდ, აზროვნება შევიცვალე, ჩემი თავის მობილიზება მოვახდინე. იმ პერიოდმა კარგად იმოქმედა. მერე რა, რომ ძლიერი კონკურენტებია გარშემო. ადამიანის ბუნებაა ასეთი - გინდა პირველობა და გამორჩეულობა.

- ამბიციური ხარ?

- ვარ, მაგრამ ჯანსაღად ამბიციური. ამპარტავანი არ ვარ. ვცდილობ ჩემი შევქმნა. პირველ რიგში, ჩემი კონკურენტი ჩემი თავია. მინდა ჯერ ჩემს თავს ვაჯობო, მერე ჩემს კონკურენტებს. აი, ეს ამბიცია მამოძრავებს. სპორტული ჟინი უფროა.

- თვითკრიტიკული ხარ?

- ზედმეტად თვითკრიტიკული ვარ. სიმღერაში წვრილმან დაჩურჩულებასაც ვაქცევ ყურადღებას. სიმღერას რომ ვწერ, იმ სიმღერასთან ერთად ვცხოვრობ 24 საათი და მერე კიდევ რამდენიმე კვირა. მერე ყველა დეტალის მაქსიმალურად გაუმჯობესებას, ობიექტური აზრის გათვალისწინებას ვცდილობ და არამხოლოდ იმ ხალხისას, ვინც თავს დაგიკრავს, „მაგარი სიმღერააო" და შენთან ერთად იცეკვებს.

- ბერა, ჩვენ ადრე ხელში ჩაგვივარდა შენი და ამერიკელი ვარსკვლავების ფოტოები, სადაც ჩანდა, რომ ეს უბრალოდ გადაღებული ფოტოები არ იყო. ვიცით, რომ მეგობრობ მათთან. როგორ მოხვდი ამერიკულ შოუბიზნესში?

- ეს ხმამაღალი ნათქვამია. მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ. არ მიტაცებს „სვეტსკი" საღამოები და „ტუსოვკები". მე მათი გაცნობის მცდელობა არ მქონდა. ბუნებრივად გავიცანი. გამიმართლა და ძალიან სახელოვან კომპოზიტორებთან მომიწია მუშაობა. ზუსტად იმ პერიოდში მუშაობდნენ იმ კომპოზიტორებთან ის ვარსკვლავებიც. ეს კომპოზიტორია Rodney Jerkins-ი, რომელსაც თავისი საკუთარი სტუდია - „Darkchild" აქვს ლოს-ანჯელესში. მის სტუდიაში გავიცანი კელი როულენდი. მე იქ ბევრ ადამიანს შევხვედრივარ, მაგრამ იმათ შეიძლება არ იცოდნენ, ვინ არის ბერა. მე ისეთ ადამიანებს დავასახელებ, რომ გააჩერო გეტყვის, ვინ არის ბერა. Kelly Rowland-ი იმდენად თავმდაბალი ადამიანია, ვეღარც წარმომიდგენია, რომ ის ვარსკვლავია. კეთილი, უშუალო და თბილია. ყველა ჭეშმარიტად ნიჭიერი ადამიანი თავმდაბალია. მას ზედმეტი საქციელით იმის გამოხატვა არ სჭირდება, რომ ვარსკვლავია. ისედაც იცის თავისი ფასი. რიანა სასტუმროში შემთხვევით გავიცანი. იმ დროს ნაწნავები მქონდა. არა მგონია ასეთი თეთრი თმის ნაწნავები ენახა. ამიტომ ჩემი თმით დაინტერესდა. მე ვიჯექი, ჩაის ვსვამდი, მოვიდა და ასე გავიცანი. ვისაუბრეთ და ვიხალისეთ. ძალიან ემოციური და კარგი ადამიანია. მასთან ისეთი ახლო მეგობრობა არ მაკავშირებს, როგორც კელისთან. ჩემი ძალიან ახლო და საუკეთესო მეგობარია ჯიმ ჯონსი.

null

- რას ეუბნები ამერიკელ ვარსკვლავებს შენს ქვეყანაზე?

- პირველად ვეუბნები, ჯორჯია ატლანტა არ გეგონოთ-მეთქი. მერე ვცდილობ მათ მენტალობას მოვარგო და მათთვის საინტერესო თემით გავაცნო ჩემი სამშობლო. ვეუბნები, რომ ღვინო საქართველოდან არის, რომ 500 ჯიშის ყურძენი გვაქვს. საქართველოში იყო ჯიმ ჯონსი. აქ ხის ჯვარი ვაჩუქეთ. ორი წლის შემდეგ, როდესაც ნიუ-იორკში მის სტუდიაში აღმოვჩნდი, ვარსკვლავები ჰყავდა, მოგანგსტერო ტიპები, სულ ბრილიანტებში იყვნენ ჩამსხდარნი. ჯიმს კი ჩვენი ნაჩუქარი ხის ჯვარი ეკეთა.

- სამკაულების ტარება შენც გიყვარს.

- მოდას მივყვები. ადრე, ბოლომდე რეპში რომ ვიყავი, ბევრი სამკაული მეკეთა. რეპისთვის დამახასიათებელია.

- გაქვს აქსესუარი, რომელსაც არასდრო იშორებ?

- მქონდა სამაჯური, რომელსაც არასდროს ვიშორებდი და რეპერს ვაჩუქე. იმ რეპერმა Rodney Jerkins-ისის სტუდიაში ჩემთან ერთად იმუშავა სიმღერებზე. თავისი ბრილიანტის საათი მოიხსნა და მაჩუქა. მეც მომერიდა და ის სამაჯური ვაჩუქე.

პირადი

- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- ჩემი პირადი ახლა გაყინულია. მუსიკა ჩემი ცოლია, რომელსაც ამ ეტაპზე არ ვღალატობ.
null


- ამერიკელი გოგონები მოგწონს?

- ჰოლივუდია რა და არიან კარგებიც, ცუდებიც და ყველანაირი გოგონები. მაგრამ მე საქართველოში გავიზარდე და გული საქართველოში მაქვს.

- ცოლად ამერიკელს მოიყვან?

- რთულია ამაზე წინასწარ ილაპარაკო. ვერ იტყვი, ბედი რას გიმზადებს. ცოლის სტატუსით ჩემს გვერდით ამერიკელი ქალი ვერ წარმომიდგენია. ძალიან მიჭირს. ქართველებს ოჯახის მიმართ სულ სხვა მიდგომა გვაქვს, ჩვენთან ოჯახის კულტია. აქ ეს არ ესმით, მათთვის ძალიან უცხოა ოჯახის კულტის თემა. ჩვენ დედის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს. სულ სხვა ემოცია მაქვს ქართველი დედის მიმართ.

- ხშირად იფიცებ დედას?

- არა, იშვიათად. ძალიან მაღიზიანებს, როდესაც თბილისში საკუთარ დედაზე იგინებიან, რაც მე ცხოვრებაში არ გამიკეთებია. არც არასდროს გავაკეთებ. ეს ძალიან სამარცხვინო და საზიზღრობაა.

- მაინც რეპერული წარსული გაქვს და უშვერ სიტყვებს და ჟარგონებს რამდენად ხმარობ?

- ისეთ წრეში ვტრიალებ, მიწევს, თუმცა ჟარგონებით არ გამოვირჩევი. რა თქმა უნდა, სტუდიაში მეგობრებთან აკადემიური ენით არ ვსაუბრობ, მეც ვხუმრობ, როგორც ყველა.

- გიჩხუბია?

- ვერიდები. საერთოდ ჩხუბი ცხოველის დონეა, როდესაც ადამიანს სიტყვით ვერ აგებინებ და ხელით უნდა შეეხო. დაბალი დონეა, სამარცხვინოა. ბოლომდე თავს ვიკავებ. მართლა ძალიან განსაკუთრებული რამ უნდა მოხდეს, რომ ბერამ იჩხუბოს.
null

- როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები, თუნდაც ძილის წინ, ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობ?

- ძირითადად სიმღერაზე, არ მასვენებს.

- სიმღერა მართლა შენი ცოლი ყოფილა.

- მართლა ჩემი ცოლია! თან ისეთი ცოლი, რომ არ მასვენებს, ბოლომდე აღტაცებული და „დათრეული" ვყავარ, ძალიან ეჭვიანია და არსად მიშვებს. მუდმივად საჩუქრებს და სიურპრიზებს ითხოვს.

- და რეალური კონკურენტი რომ გამოუჩნდება?

- ჩემს გვერდით ვინც იქნება, ჩემს მუსიკას პატივს უნდა სცემდეს. მათ შეთავსებას მოვახერხებ.

- შენზე რამდენად მოქმედებს, როდესაც ამბობენ - ბიძინა ივანიშვილის შვილიაო? გაკომპლექსებს მის ჩრდილში ყოფნა თუ პირიქით - გეხმარება?

- რაღაც დონეზე ორივე მომენტი მაქვს. მამაჩემი უბრალოდ ცნობილი ადამიანი არ არის, მისი შვილობა საამაყოა. მეორე თემაა ის, რომ თვითონაც პიროვნება ვარ და მინდა ჩემი ადგილი დავიმკვიდრო. რაც უფრო მემატება ასაკი, ამის სურვილი უფრო მიმძაფრდება. მინდა მისი ჩრდილიდან გამოვიდე.
null

- ყველაფერი შენ ხელშია, ყველაფერი გაქვს, არის ისეთი რამ, რასაც შენი ოჯახის გავლენა ვერ შესწვდება?

- ნამდვილ გრძნობებს, ემოციებს ვერ იყიდი. მე რაც არ მიყიდია და ღმერთისგან მაქვს, ეს მუსიკის ნიჭია. საღამოს მანქანაში რომ ვზივარ და ემოციურ მუსიკას ვუსმენს, სულ ერთი წამით, ჩემს სხეულში რომ გადმოხვიდე, იგივეს იგრძნობ, რასაც მე ვგრძნობ. აი, მაშინ მიხვდები ყველაფერს.

- ნატვრა?

- დღეს ლეიბლის გაკეთებას და ჩემი მუსიკის კარგად მიღებას ვნატრობ. წინ რეალური განცდა მელის. მინდა ჩემი ალბომი წარმატებული იყოს. მინდა გაიგონ ჩემი შემოქმედება.

- ათი წლის მერე საკუთარი თავი როგორ წარმოგიდგენია?

- რთულია ამის თქმა. იმედია, მარტო არ ვიქნები. ამ წლის ბოლოს მომავალი 5-10 წლის განსაზღვრა შემიძლია. პირველი ალბომი ჩემს ცხოვრებაში მართლა ძალიან ბევრს წყვეტს.

- სად ერთობი?

- მუსიკის გარდა? უბრალო ბუნების ადამიანი ვარ. ვიწრო წრეში, მეგობრებთან ერთად. „სვეტსკი" სიტუაციებში ბევრი სიყალბეა და თავს თავისუფლად ვერ ვგრძნობ.

- როდის კომპლექსდები?

- რეპს რომ ვმღეროდი და ზანგებთან მოვხვდებოდი, ასეთი თეთრი ბიჭი, მაშინ ვკომპლექსდებოდი.

- ემინემიც ხომ თეთრი რეპერია?

- მე ემინემზე თეთრი ვარ.

- პატრიოტი ხარ?

- ვინც მიცნობს, იცის, რომ თავიდან ფეხებამდე ქართველი და ნამდვილი პატრიოტი ვარ.
null

BeRa<333
null
null
null
null
null
null
null
null
null

დაამოწმა :Marii))
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 1121 | დაამატა: -LovelySophi♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2

(2013-02-11 7:18 PM)
kaiaa momewonaa thumb thumb