მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 14 » მცხეთობა - სვეტიცხოვლობა
3:11 PM
მცხეთობა - სვეტიცხოვლობა
ბა - იც
"დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და 
სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა"
ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს !
შემოდით სრულიადში და გაიგეთ 
დღევანდელ დღეზე მეტი...



სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძარი (XI ს.)


ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.


იმ წელს, როცა ქართლის სამეფო ტახტზე ადრეკი ავიდა, მცხეთაში ხმა გავარდა, იერუსალიმი სპარსელებმა დაიპყრესო. გლოვამ და წუხილმა მოიცვა ქართველი ჰურიანი, მაგრამ გამოხდა მცირე ხანი და ყველანი დამშვიდდნენ – შეიტყვეს, რომ „სპარსნი დასაპყრობად კი არ მოსულან იერუსალიმსა, არამედ საჭურველის ნაცვლად მოჰქონდათ სამეუფო ოქრო, მაკურნებელი მური და სურნელოვანი გუნდრუკი და ეძიებდნენ დავითის ტომის ყრმას. იპოვეს კიდეც მწირი ერთი, მწირი დედაკაცისაგან შობილი უდროო დროს და უადგილო ადგილას. იმ ყრმას სცეს თაყვანი და შესწირეს ძღვენი".

გავიდა ოცდაათი წელი. ანა მღვდელთმთავარმა მოციქული გამოაგზავნა მცხეთელ ურიებთან: „რომლისათჳს იგი მოვიდეს მოგუნი და შესწირეს ძღვენი, აღზრდილ არს იგი და იტყჳს თავსა თჳსსა ძედ ღმერთისა და სხუასა რასმე ახალსა სჯულსა გჳქადაგებს და აწ წარმოგჳვლენია მოციქულნი ყოველთა თანა ჰურიათა, რათა მოვიდნენ მეცნიერნი სჯულისანი. მოვედით უკვე ყოველნივე მოსეს სჯულისა თანამდებნი და განვაბჭოთ მას ზედა".

ელიოზ მცხეთელის მიერ კვართის გამოსყიდვა

ქართლიდან სინედრიონის ბჭობაზე წავიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედა მღვდელთა ტომიდან იყო. წასვლის წინ მან შვილს სთხოვა, წილი არ დაედო მესიის სისხლის დათხევაში, „რამეთუ ის არის სიტყვა წინასწარმეტყველთა და იგავი ბრძენთაგან თქმული".

როცა მაცხოვარი გოლგოთაზე ჯვარს აცვეს, ელიოზის დედამ მცხეთაში გაიგონა ჩაქუჩის ხმა, „საშინელითა კრჩხილებითა" დაიძახა: „მშვიდობით, მეუფებაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მჴსნელი და იქმნენით ამიერითგან მტერ შემოქმედისა"! – და მყის აღესრულა.

როცა უფლის კვართზე წილი ჰყარეს ჰურიათა, ღვთის განგებულებით იგი მცხეთელებს შეხვდა. ელიოზმა და ლონგინოზმა კვართი ქართლში წამოასვენეს. მცხეთას მოსულ ელიოზს წინ შემოეგება „დაჲ თჳსი", სიდონია. მან გულში ჩაიკრა კვართი მაცხოვრისა ჩვენისა, ტირილით და გოდებით მოისმინა ძმისაგან ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. ეს სასწაული სწრაფად გახმაურდა მთელს ქართლში. ადერკი მეფემ მოისურვა თავად შეემოსა კვართი, მაგრამ იგი სიდონიას გაცივებულ მკლავებს ვერავინ მოაშორა, ელიოზმა თავისი და წმიდა კვართთან ერთად დამარხა. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე ამოვიდა.

წმიდა სიდონია

სულთმოფენობის შემდგომ მოციქულებმა წილი ჰყარეს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ქართლის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ მას მაცხოვარი გამოეცხადა და უბრძანა: „ჰოი, დედაო ჩემო, არა უგულებელვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებით შენითა მათთჳს. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენსა ხვედრებულსა და თანა წარატანე ხატი შენი, ვითარცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს და შენ წილ ხატი იგი შენი მკჳდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა". ღვთის განგებულებით და ღვთისმშობლის კურთხევით საქართველოში საქადაგებლად წამოვიდა წმიდა ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს).

წმიდა ანდრიამ იქადაგა დიდაჭარაში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მოაქცია წარმართები, დაადგინა მღვდლები და დიაკვნები, აღაშენა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. შემდგომ გადმოიარა მთა, რომელსაც რკინის ჯვარი ეწოდებოდა, განვლო ოძრხის ხევი, მოაღწია სამცხის საზღვარს და დაივანა სოფელში, რომელსაც ზადენ-გორა ერქვა. აქ ლოცვის მადლითა და ძალით შემუსრა კერპები. აწყურში მთავრობდა ქვრივი ქალი სამძივრის გვარისა, რომელსაც ერთადერთი ვაჟი გარდაცვლოდა. წმიდა ანდრია მოციქულმა, ჯვრის ნებითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის მადლით, მიცვალებული აღადგინა მკვდრეთით. სამძივარმა ძით და ყოველი სახლეულითურთ ნათელ-იღო. წმიდა მოციქულმა მესხეთში დაადგინა ეპისკოპოსი, მღვდლები, დიაკვნები, ამის შემდეგ იქადაგა კლარჯეთში, არტანუჯში, სომხეთში და იერუსალიმში დაბრუნდა პასექის აღსასრულებლად.

ადერკი მეფემ ნათელღებული ქართველები და მეგრელები კვლავ წარმართობაზე მოაქცია და შერისხა კლარჯეთის ერისთავი, რომელმაც მშვიდობით განუტევა წმიდა ანდრია. მოციქული კვლავ დაბრუნდა ქართლში. ამჟამად მას მატათა და სვიმონ კანანელი ახლდა თან. წმიდა მატათამ (ხს. 9 აგვისტოს) საქადაგებლად სვანეთს მიაშურა, წმიდა ანდრია და წმიდა სვიმეონი (ხს. 30 ივნისს) ოსეთს წავიდნენ და მრავალი მოაქციეს, შემდგომ კი აფხაზეთს მიმართეს. წმიდა სვიმეონ კანანელი დარჩა ცხუმში, ხოლო წმიდა ანდრია ჯიქეთს წავიდა. ჯიქებმა არ შეიწყნარეს მოციქულის ქადაგება და მისი მოკვდინება ეწადათ, მაგრამ ღვთის მადლით გადარჩა.

გავიდა ჟამი. ურჯულოთა ზედამდგომელობით და წარმართთა შიშით ქართველებმა დაივიწყეს შემოქმედი თვისი და ჯვარცმული მაცხოვარი.

მოციქულთა სწორნი 
მეფე მირიანი და დედოფალი ნანა

წმიდა გიორგი კაბადუკიელის (ხს. 23 აპრილს და 10 ნოემბერს) წამების ჟამს კაბადუკიაში ცხოვრობდა მართლმორწმუნე ცოლ-ქმარი ზაბულონ და სოსანა (ხს. 20 მაისს). მათ ჰყავდათ ასული ნინო (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს). სოსანა იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის და იყო. ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა თავი უფლისათვის შეეწირათ, თავიანთი ქონება ღარიბებს დაურიგეს, მცირეწლოვანი ასული ძიძას ჩააბარეს აღსაზრდელად, თვითონ კი განდეგილ ცხოვრებას შეუდგნენ. ნინოს აღმზრდელი მოუთხრობდა უფლის ვნებების, ჯვარცმის, დაფლვის, აღდგომის, აგრეთვე მისი ტილოსა და სუდარის შესახებ. როცა მან შეიტყო, რომ უფლის უკერველი კვართი დაფლული იყო წარმართთა ქალაქში, გადაწყვიტა ქართველები ქრისტეს სჯულზე მოექცია. იგი დაუმეგობრდა მეფის ასულ რიფსიმეს და მის გამზრდელს, გაიანეს (ხს. 30 სექტემბერს), რომლებიც ორმოცდაათ ქალწულთან ერთად ილტვოდნენ უსჯულო მეფის, დიოკლეტაინესგან და მათთან ერთად ჩავიდა სომხეთში. სომხეთის მეფის, თრდატის მიერ წმიდა ქალწულმოწამეთა მოწყვეტის შემდეგ, სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ნინო ჯავახეთის მთებით ქართლში გადავიდა.

ამ დროს ქართლში მეფობდა მირიანი. მას ცოლად ჰყავდა პონტოელი მთავარსარდლის ასული ნანა. მირიანი სარწმუნოებრივი შემწყნარებლობით გამოირჩეოდა: თაყვანს სცემდა ცეცხლსა და ქართულ კერპებს, ბერძნებთან ხანგრძლივი ურთიერთობის გამო ქრისტიანული მოძღვრების შესახებაც ჰქონდა გაგებული, მის ყურამდე მისული იყო წმიდა კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) მიერ მტრის სასწაულებრივი ძლევის ამბავი.

მოხედვა უფლისა და ხსნა ერისა ჩვენისა 
კერპთაგან ეშმაკთა

ქართლში მოსული ნინო უბრნისში ჩავიდა და ურიათუბანში დასახლდა. ოციოდე დღის შემდეგ მთელი ქართლი დაიძრა წარმართული ღვთაების, არმაზის დღესასწაულზე. დღესასწაულს მთელი სამეფო კარი ესწრებოდა. წმიდა ნინომ ლოცვა აღავლინა ღვთის წინაშე და არმაზის, გაცის და გაიამის კერპები სასწაულებრივ დაიმსხვრა. ნინო მცხეთაში დასახლდა. ის ყველას ეკითხებოდა კვართის ამბავს, მაგრამ მისი ადგილსამყოფელი არავის ახსოვდა. ამ ძიებაში ნინომ გაიცნო მცხეთელ ჰურიათა მღვდელმოძღვარი აბიათარი, ელიოზის შთამომავალი, მისი ასული სიდონია და კიდევ ექვსი დედა. წმიდა ნინომ ისინი ქრისტეს სჯულზე მოაქცია, მაგრამ, რადგან მღვდელი არ იყო, ნათლისღების საიდუმლო არ ჩაუტარებიათ.

წმიდა ნინომ უფლისგან კურნების ნიჭი მიიღო. ის ჯვარცმული მაცხოვრის სახელითა და ვაზის ჯვრით მადლით კურნავდა დავრდომილებს.

ნანა დედოფალი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ნინოს ქადაგებას, გმობდა ახალ მოძღვრებას და მის მქადაგებელს. მირიან მეფეს კი „აქუნდა სურვილი ქრისტეს სჯულისა და არა დააბრკოლებდა ქადაგებად ნინოს და მოწაფეთა მისთა". ერთხელ მან ებრაელთა დევნისაგან ფარულად დაიხსნა აბიათარ მღვდელი, ასული მისი სიდონია და სხვა ქრისტიანები.

გავიდა ხანი. ერთხელ ნანა დედოფალი დასნეულდა და წმიდა ნინოს ლოცვამ იგი უეჭველი სიკვდილისაგან იხსნა. დედოფლის განკურნების შემდეგ მირიან მეფე ქრისტეს სჯულით დაინტერესდა და ურიაყოფილ აბიათარს ხშირად ეკითხებოდა ძველი და ახალი აღთქმის წიგნებზე. აბიათარმა მას ნებროთის წიგნი წააკითხა. მეფეს ქრისტეს სჯულზე მოქცევის სურვილი გაუჩნდა.

ნათლისღება წმიდისა მეფისა მირიანისა და
დედოფლისა ნანასი და რევისა

ერთ დღეს მირიანი სანადიროდ წავიდა თხოთის მთაზე. მოუხდა უჩინო მტერი, გულში კვლავ ჩაუდო კერპთა და ცეცხლის სიყვარული და მახვილით მოწყვეტა ქრისტიანეთა. მან გადაწყვიტა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ქრისტიანთა განდევნა და ნინოს მოკვდინება. მთაზე ასულ მეფეს მზე დაუბნელდა, უკუნი ღამე ჩამოწვა. შეშინებულმა მირიანმა კერპებს შესთხოვა დახმარება, მაგრამ ისინი უგრძნობი იყვნენ მლოცველის მიმართ. მაშინ მეფემ ჯვარცმულ ღმერთს შეავედრა თავი და მოხდა სასწაული: განათდა, მზე გამობრწყინდა. მირიანმა განიპყრნა ხელნი აღმოსავლისაკენ და თქვა: „შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა, უფალი ყოველთა ზედა უფლებათა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყვის". მცხეთაში დაბრუნებული მეფე ნინოსთან მივიდა, მისი რჩევით მეორე დღესვე მოციქულნი წარავლინა საბერძნეთს კონსტანტინე მეფესთან და სთხოვა, მღვდლები გამოეგზავნა ნათლისღებისთვის.

სანამ კონსტანტინეპოლით გამოგზავნილი მღვდლები ჩამოვიდნენ, მირიან მეფემ ეკლესიის აშენება გადაწყვიტა სამეფო ბაღში. ხუროებმა ნაძვის ხისგან შვიდი სვეტი დაამზადეს. ექვსი აღმართეს, ხოლო მეშვიდე, ყველაზე დიდი, ადგილიდან ვერ დაძრეს. წმიდა ნინო მოწაფეებთან ერთად ლოცვად დადგა. გამთენიისას ზეცით გარდამოხდა ნათლით შემოსილი, „ყოვლად ცეცხლითა მობლარდნილი" ჭაბუკი, ხელი მოჰკიდა სვეტს და აღამაღლა. სვეტი ღვთივ გაბრწყინდა და თორმეტი წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა ჰაერში. მთელი მცხეთა დაიძრა ნათლის სვეტის თაყვანისცემად, მის მიახლოებაზე ავადმყოფები იკურნებოდნენ, ბრმებს თვალები ეხილებოდათ, დავრდომილები აღსდგებოდნენ.

ამაღლება სვეტისა ცხოველისა

ამასობაში კონსტანტინეპოლიდან დაბრუნდნენ მოციქულები. მათ ჩამოჰყვნენ: იოანე ეპისკოპოსი, მღვდლები და დიაკვნები. წმიდა კონსტანტინე დიდმა ქრისტეს სჯულს შემდგარ მეფეს და ერს გამოუგზავნა ჯვარი და ხატი მაცხოვრისა, ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი – კვარცხლბეკი და სამსჭვალი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მტკვრისა და არაგვის შესართავთან ნათელ იღო მეფემ, დედოფალმა, სამეფო კარმა და სრულიად ქართლმა. საზეიმო ნათლისღების შემდეგ იოანე ეპისკოპოსი და მისი თანმხლებნი ერუშეთს წავიდნენ, აღაშენეს ეკლესია და დატოვეს სასჭვალნი უფლისა, შემდგომ მანგლისს დაიწყეს ეკლესიის შენება და აქ ძელიცხოველის ნაწილი დაასვენეს.

მირიან მეფე შეწუხდა. მას სურდა სატახტო ქალაქშიც ყოფილიყო დასვენებული სიწმინდეები. წმიდა ნინომ მეფეს უთხრა, რომ მცხეთაში დიდი სიწმიდე უფლის კვართი ინახებოდა. მეფემ აბიათარ მღვდელი დაიბარა, კვართის ამბავი გამოჰკითხა და სიხარულით აღივსო.

მცხეთაში ერთი კლდის თავზე მშვენიერი, სურნელოვანი, სასწაულთმოქმედი ხე იდგა. მისი ფოთლით ისარნაკრავი მომაკვდავი ნადირი იკურნებოდა. როდესაც იოანე ეპისკოპოსს ეუწყა ეს ამბავი, ბრძანა: „ჭეშმარიტად ღვთისა მიერ აღმოცენებულ არს ხე იგი და დამარხულ ჟამისა მისთვის და აწღა მოეფინა მადლი ღვთისა ქართლსა და მის ხისგან ჯერ არს შექმნა ჯვარი პატიოსანი, რომელსა თაყვანის სცეს ყოველმან სიმრავლემან ქართლისამან".

მირიან მეფის ძემ, რევიმ, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით და ერის თანხლებით, მოჭრა ხე, რტოებითურთ წამოასვენა და ეკლესიის სამხრეთით აღმართა. ხეს ოცდაჩვიდმეტი დღის განმავლობაში არც ფერი შეუცვლია, არც ფოთლები დასცვენია. შემდგომ ამ ხისგან სამი ჯვარი გააკეთეს.

აღმართება პატიოსნისა ჯვარისა

ამის შემდეგ მრავალი დღის განმავლობაში ხალხი ერთსა და იმავე ჩვენებას ხედავდა: ღამით ეკლესიას ვარსკვლავებით გარშემორტყმული ცეცხლოვანი ჯვარი ადგებოდა თავს, განთიადის ორი ვარსკვლავი გამოეყოფოდა სხვებს, ერთი აღმოსავლეთისკენ მიდიოდა, მეორე კი – დასავლეთისაკენ, თავად ცეცხლოვანი ჯვარი კი არაგვს გაღმა, კლდოვანი ბორცვის თავზე ჩერდებოდა და იქიდან უჩინარდებოდა ზეცაში. ამ სასწაულის გამო წმიდა ნინოს რჩევით მეფემ ერთი ჯვარი დასავლეთით თხოთის მთაზე აღამართინა, მეორე – ქალაქ უჯარმაში, მესამე ჯვრისთვის კი ადგილი ვერ შეარჩიეს.

მირიან მეფემ ლოცვით შესთხოვა უფალს, მიენიშნებინა ადგილი, სადაც ჯვარი უნდა აღმართულიყო. ღმერთმა ისმინა კეთილმორწმუნე მეფის ვედრება და ანგელოზის პირით აუწყა, რომ ჯვარი აღემართა არაგვის გაღმა კლდოვან ბორცვზე.

როცა მცხეთაში ეს პატიოსანი ჯვარი აღიმართა, მაშინვე ყველა კერპი დაიმსხვრა ქართლში.

სიკვდილის წინ მეფემ აკურთხა ძე თვისი ბაქარი, ანდერძად დაუტოვა წმიდა სამების ერთგულება, ბრძოლა კერპების წინააღმდეგ და ღვთივ მიისვენა. წმიდა კეთილმსახური მეფე საკუთარი სურვილისამებრ დაკრძალეს ზემო ეკლესიაში (სამთავროს დედათა მონასტრის ეკლესია). მან არ ისურვა დასაფლავება ქვემო ეკლესიაში (სვეტიცხოველი), რომელსაც „წმიდათა წმიდაჲ" ერქვა, იმ მოკრძალებისა და რიდის გამო, რომელიც დიდებული ნათლის სვეტის წინაშე ჰქონდა. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა ნანა დედოფალიც და დაიკრძალა იქვე, მირიან მეფესთან.

წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2001 წ.




უფლის კვართის ამბავი


ძველი აღთქმის მღვდელს ეფოდთან, წამოსასხამსა და სხვა შემოსამოსელთან ერთად აუცილებლად ნაქსოვი კვართიც უნდა სცმოდა. იცოდა ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და ამიტომაც ყრმა იესუს, მომავალ „მღვდელმოძღვარს წესსა ზედა მელქისედეკისასა", კვართი მოუქსოვა. „ხოლო კვართი იგი... იყო უკერველ, ზეით გამოქსოილ ყოვლად". გადიოდა ხანი, „წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა" იესუ და სასწაულებრივად იზრდებოდა ღვთისმშობლის მოქსოვილი კვართიც, რომელსაცა „ნეტარებით შეეცვა ნათელთა ყოველთა მფლობელი გვამი წმიდა ცეცხლისა მის ღვთაებისა". თეოდორე ზიგაბენის მიხედვით, კვართი სახელოებიანი ყოფილა. მოკლესახელოიანი კვართია გამოსახული ბაგრატიონთა გერბზეც. ხოლო XVII საუკუნეში იერუსალიმში გავრცელებული ერთი გადმოცემის თანახმად, უფლის კვართი ლაჟვარდისფერი ყოფილა, მანტიის მსგავსი, უსახელო, განიერი და გრძელი (საუბარი იოანიკე ბერძენისა ივ.გრამიტინთან), მაგრამ რისგან იყო იგი მოქსოვილი, ეს უცნობია. ერთი კია - ამ ნეტარმა შესამოსელმა, როგორც ღრუბელმა შეიწოვა ოფლი, სისხლი და ცრემლი, რომელიც კაცთა მოდგმის ხსნისთვის დაღვარა მაცხოვარმა.

იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას საქართველოდანაც ჩავიდნენ ურიები - ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედა ელი მღვდელმთავრის ტომიდან იყო. სწორედ მან გააფრთხილა ვაჟები, რომ უფლის სისხლის დათხევაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ამასვე ევედრებოდა ელიოზს და სიდონია. მაცხოვრის ჯვარცმისას ლურსმნების დაჭედების ხმა თურმე მცხეთაში მოესმა ელიოზის დედას. წამოიძახებია: „მშვიდობით, მეფობაო ისრაელთაო, რამეთუ უგუნურებით მოჰკალთ უფალი და მაცხოვარი ყოველთა!" - და მწუხარებისაგან იქვე დაულევია სული.


ეტყობა, მაცხოვრის ჯვარცმისას ელიოზი ძალზე აქტიურობდა. როცა უფლის სამოსელი განიყვეს და კვართზე წილი იყარეს, იგი სწორედ მას შეხვდა. უფლის კვართი ელიოზმა მცხეთაში წამოიღო. სიდონია მას ტირილით შეგებებია მცხეთის კარიბჭესთან, ჩაუკრავს მკერდში „ყოველთა სასურველი კვართი მხსნელისა" და მიუძინებია „თავისი დედის ძილით". ეს ამბავი მთელ მცხეთას მოედო. მიცვალებული მეფე ადერკს უნახავს და კვართი მოსწონებია. ბევრს ცდილან, მიცვალებულისთვის კვართი გამოერთმიათ, მაგრამ ამაოდ და ბოლოს კვართითვე დაუკრძალიათ ლიბანის ნაძვებთან.

რამდენიმე წლის შემდეგ ადერკის შვილიშვილს, მეფე არმაზელს მოუნდომებია სიდონიას საფლავის გათხრა და კვართის პოვნა, მაგრამ ამის გამო ღვთისგან სასჯელი მიუღია - უეცრად დაბრმავებულა.

აი, ამგვარად მოხვდა უფლის კვართი საქართველოში. სახიერ უფალს წინასწარვე განეგო ჩვენი ქვეყნის „ერად საზეპუროდ შემზადებაი" და ვინაიდან ღვთისმშობლის წილხვედრნიც ვიყავით, ამისათვის უფრო ღირს იქმნა იბერია „ამას საშინელსა მადლსა". როგორც წმინდა ნიკოლოზ გულაბერისძე ბრძანებს, „ამისთვისცა უკვე წინასწარვე წარმოავლინა მადლი ღვთაებისა მისისა რათა პირველადვე დაიწინდოს კვართითა მით და მადლით ღვთაებისა მისისათა".

შემობრძანდა იბერიაში წმინდა ნინო და დადგა ჟამი უფლის კვართით დაწინდული „საზეპურო ერის" ქრისტესთან ქორწილისა, შეერთებისა... ღვთის სასწაულითა და წმინდანის ლოცვით მოქცეულმა მეფე მირიანმა თავის სამეფო ბაღში ტაძრის აშენება გადაწყვიტა. მოჭრეს ბაღში ამოსული მშვენიერი ლიბანის ნაძვები და მათგან 7 სვეტი გამოთალეს. შეკრეს ძალთაგან კედლები და აღმართეს ექვსი ბოძი თავ-თავიანთ ალაგას, ხოლო ტაძრის შუაში დასადგმელად მეშვიდე სვეტს, მიუხედავად ბევრი წვალებისა, ძვრა ვერ უყვეს. მოსაღამოვდა. მეფე და მისი მხლებელნი სასახლეში წაბრძანდნენ. სვეტთან მხოლოდ წმინდა ნინო დარჩა მოწაფეებთან ერთად. სასოწარკვეთილმა ეშმაკმა მათი შეშინება სცადა, მაგრამ წმინდა ნინოს ლოცვამ დაამხო მისი მანქანება.

იცისკრა. ემოციებისგან დაღლილებს მიეძინათ. მხოლოდ აბიათარ მღვდლის შვილი სიდონიაღა ფხიზლობდა. წმინდა ნინო ხელგანპყრობილი ლოცულობდა. უეცრად მასთან ნათლით შემოსილი ჭაბუკი მივიდა და სამი სიტყვა უთხრა. ქალწული მის წინაშე პირქვე დაემხო, ხოლო ჭაბუკმა მოჰკიდა სვეტს ხელი და ზეცად აღამაღლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ცეცხლის სახედ შეცვლილი სვეტი ნელ-ნელა ჩამოეშვა, იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ხე მოკვეთეს და მიწიდან ორ წყრთაზე გაჩერდა, „ზე ჰაერთა საკვირველად გამოკიდებული". ასე მოგვითხრობს „სვეტიცხოვლის საკითხავი", ხოლო „ქართლის ცხოვრების" მიხედვით ცეცხლის სვეტი ჩამოშვებულა, ამავე ადგილას დამდგარა და კაცთაგან ხელშეუხებლად დამყარებულა.


ამ საოცარმა ამბავმა მთელი ქართლი შეძრა. მოდიოდნენ სვეტთან და ვეღარ შორდებოდნენ საკვირველ სახილველს. სვეტის ძალით უამრავი სასწაული მომხდარა. პირველად შობითგან ბრმა ურია განუკურნავს სვეტი-ცხოველთან მიახლებას, შემდეგ საწოლს მიჯაჭვული ყრმა სეფეწული ამაზასპანი დაუყენებია ფეხზე. იმხანად ერთ ურიას მხოლოდშობილი ძე მოჰკვდომია. ყველა სვეტი-ცხოველის სახილველად წასულა, მიცვალებულთან მხოლოდ მშობლები დარჩენილან, რომლებიც თურმე მწარედ მოთქვამდნენ და შვილს ევედრებოდნენ: „აღდეგ, მხოლოდშობილო ჩვენო, რათა მივეახლნეთ სვეტსა მას ნათლისასა", რათა ვიხაროთ სხვებთან ერთადო. და უცებ, თითქოს გაიღვიძაო, მიცვალებული ყრმა წამოდგა და სვეტიცხოველთან წაყვანა მოითხოვა. ყვებოდა, რომ ჯოჯოხეთის უფსკრულში იყო ჩავარდნილი; ანაზდად ზეციდან ნათლის სვეტი ჩამოეშვა, რომლის თავზეც მაცხოვარი იჯდა დიდებით. უეცრად სვეტიდან ხმა მოისმა: „მეცოდებიან შენი მშობლები, მათი ტკივილისგან „მელმისო გული", - მერე კი ანგელოზთ უბრძანა, ყრმის სული სხეულში დაებრუნებინათ.

ამ სასწაულმა უფრო ააფორიაქა ხალხი. ყველა ცდილობდა სვეტიცხოველთან მიახლოებას. აღტყინებისგან ერთმანეთს თელავდნენ. მაშინ მეფე მირიანმა სვეტს ფიცრის საბურველი შემოახვია. საბურველმა ვერ დააბრკოლა სვეტიცხოველის მადლი...


მალე აქ პირველი ტაძარი აშენდა. წმინდა კონსტანტინე დიდმა მეფე მირიანს ეპისკოპოს იოანეს ხელით გამოუგზავნა ძელიცხოვლის ნაწილი, სამსჭვალნი და ფიცარი, რომელზეც მაცხოვრის ფერხნი იყო მიმსჭვალული. ეპისკოპოსმა ძვირფასი ძღვენი ერუშეთსა და მანგლისში დატოვა, მეფე მირიანთან კი ხელცარიელი დაბრუნდა. გულდაწყვეტილი მეფე წმინდა ნინომ ანუგეშა - უთხრა, რომ იგი უდიდეს სიწმინდეს ფლობდა - მის ბაღში იყო დაკრძალული უფლის კვართი და ილია წინასწარმეტყველის ხალენი. მეფემ ურიებს დაწვრილებით გამოჰკითხა ყოველივე. მათაც წმინდა ქალწულის ნათქვამი დაადასტურეს. მაშინ კი აივსო მეფე სიხარულით და ადიდა უფალი.

მირიანის ვაჟს, რევის, მეფობის ჟამს შეშინებია, სვეტი-ცხოველი საბურველისგან არ განძარცვონ და არ მოიპარონო, და მის გარშემო ქვითკირის კედელი აუშენებია. მოგვიანებით ვახტანგ გორგასალმა ხის ტაძრის ადგილას მოზრდილი ქვის ბაზილიკა ააგო თორმეტი მოციქულის სახელზე. ეს ტაძარი აბულ ყასიმს გადაუწვავს მეათე საუკუნეში, მაგრამ მალევე აღუდგენიათ. გიორგი I-ის მეფობისას კი კათოლიკოსმა მელქისედეკმა მის ნაცვლად დიდი გუმბათოვანი ტაძარი ააგებინა. ტაძარი თემურ ლენგის შემოსევისას დაზიანებულა და ალექსანდრე დიდს იგი ხელახლა აღუდგენია. ტაძარი კვლავ დაზიანებულა შაჰ-თამაზისა და მისი შვილიშვილის შაჰ-აბასის შემოსევებისას. როსტომ მეფის მეუღლეს, მარიამ დედოფალს, 1656 წელს აღუდგენია სვეტიცხოვლის გუმბათი, რის გამოც იგი ვაჟთან ერთად ტაძარში გამოუსახავთ. შემოსევების გამო დაზიანებულა სვეტი-ცხოვლის ირგვლივ აშენებული გოდოლიც და იგი აღუდგენიათ 1675 წელს, კეთოლიკოს ნიკოლოზის ბრძანებით. გოდოლი „მოქცევაი ქართლისაის" სცენებით მოუხატავს გრიგოლ გურჯვარიშვილს.

სვეტი-ცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა და წარემატებოდა ქრისტეს სარწმუნოებაში ქართველი ერი. პლატონ იოსელიანის ვარაუდით, ეს მაცოცხლებელი წყარო შაჰ-აბასის შემოსევებისას, 1614-1617 წლებში, უნდა დაწყვეტილიყო, რადგან შაჰს თურმე ძალზე შეურაცხუყვია ტაძარი, ხოლო 1624 წელს შაჰ-აბასის თანამედროვემ, „საელჩო პრიკაზში" გამოძახებულმა იოანიკე ბერძენმა, ივან გრამოტინს ასეთი რამ უთხრა: როცა შაჰ-აბასის პაპამ, შაჰ-თამაზმა, ივერია დალაშქრა (ეს იყო 1541-1553 წლებში), შაჰს სვეტიცხოვლის ტაძარი ცხენებისა და პირუტყვის სადგომად გადაუქცევია; აი, სწორედ მას შემდეგ შეწყდა სვეტიდან მირონის დენაო.

წმინდა დავით აღმაშენებელი და სვეტი-ცხოველი


უფლის კვართი დაკრძალვის შემდეგ თუმცა აღარავის უხილავს, მაგრამ ქართველებს მეტად სწამდათ, რომ იგი სწორედ სვეტის ამაღლების ადგილას იყო დაფლული, ხოლო თუ ვინმეს ეჭვი შეეპარებოდა ამაში, ღვთისაგან განისწავლებოდა. თურმე თვით დიდი დავით აღმაშენებელი „განდრეკილობდა რეცა გონებით" სვეტიცხოვლის მიმართ და ამბობდა, რა ვიცით, რა არის ამ კოშკის გოდოლის ქვეშ, რას ვცემთ თაყვანს, ეშმაკმა ხომ არ შეგვაცდინაო.. ერთხელ მეფეს სვეტი-ცხოვლის წინ ამგვარი დაბრკოლებული გონებით ულოცია. იმავე ღამეს, ძილში, თურმე სვეტის თავზე მჯდომი მოხუცებული ეჩვენა, რომლისგანაც თვალისმომჭრელი ნათელი გამოდიოდა. „დავით, დავით, - მიმართა მან გვირგვინოსანს, - არ იცი, ვინ ვარ; იცოდე, არც შენ და არც სხვას, ვისაც ჩემდა მომართ სასოება ექნება, არასდროს შერცხვება. ნუ ურწმუნოებ ჩემდამო, რამეთუ ვინც ურწმუნოებს, დაისჯებაო".

გაეღვიძა მეფეს, შეშინებული მოახტა ცხენს, მთელი ღამე აჭენა და სვეტიცხოველში ცისკრის ლოცვისას მივიდა. პირქვე დაემხო, ცრემლით დაალტო იატაკი და „პირველთა ცდომათათვის და ურწმუნოებისა" შენდობა ითხოვა ღვთისგან.


 სვეტიცხოვლის სიწმინდენი


სვეტიცხოვლის ტაძარი მრავალ სიწმინდეს ფლობდა: უფლის კვართს, სასწაულმოქმედ სვეტს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენს. XX საუკუნის დასაწყისში (და ახლაც) იქვე გახლდათ დაბრძანებული ერთი იმ ოთხ ჯვართაგანი, რომლებიც წმინდა ნინომ სასწაულმოქმედი ხისგან შეაქმნევინა. ადრე, თემურ ლენგის შემოსევამდე, იგი მცხეთის ჯვრის მონასტერში ბრძანდებოდა. სასწაულმოქმედ ჯვარს (მის მიმართ განსაკუთრებით უშვილოებს ჰქონდათ სასოება) 2004 წლის 16 თებერვალს მირონი დაედინა. პატრიარქის კურთხევით, იგი მინანქრული ხატებით გაამშვენეს. მასში ჩატანებულია ძელიცხოველისა და წმინდა ნინოს ჯვრის ნაწილები.

სვეტიცხოვლის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე ყოფილა საქადაგო ხატი სვეტი-ცხოველისა. ეს არის კარედში ჩაბრძანებული სვეტი-ცხოველის 36x17სმ ზომის ჭედური გამოსახულება. კარედის გვერდებზე გამოსახულნი არიან წმინდა ნინო და წმინდა მირიანი. კარედის ზემოთა ნაწილი მოოქროვილია. მასზე გამოსახულია კუბოში მწოლიარე სიდონია, მის მკერდზე კი აღმართულია სვეტი, რომელიც ანგელოზებს უპყრიათ ხელთ. სიდონიას ფერხთით გამოსახულია მლოცველი წმინდა ნინო, ხოლო ზემოთ - ორივე ხელით მაკურთხებელი მაცხოვარი. ხატში 44 წმინდა ნაწილი ყოფილა ჩატანებული. ის ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ეს სიწმინდენი სწორედ ის საფარველი გახლავთ, რომელიც ბურავდა „არა ოდენ ვიდრემე გუამსა ღვთაებისასა, არამედ უფროისღა შიშლოებასა სულთა ჩვენთასა ცოდვისა მიერ".


 უფლის კვართი განუყოფელია


როგორც წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, „თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა" და „შეუძლებელია, ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს". ამიტომაც იყო, ქართველები ასე რომ უფრთხილდებოდნენ ეკლესიის ერთიანობას, ამიტომაც იყო, რომ ეპისკოპოსი აუცილებლად სვეტიცხოველში უნდა კურთხეულიყო.

ერთხელ წმინდა პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერისძემ „ზამთრის სასტიკებისა" და დედოფლის უძილების გამო მროველი ეპისკოპოსი ტიმოთე რუისის საყდარში აკურთხა ეპისკოპოსად. იმავე ღამეს სვეტი-ცხოველი „სახედ მოხუცებული ბერი კაცისა" ტაძრის ქადაგს ეჩვენა და უბრძანა, პატრიარქი გაეფრთხილებინა, რომ მას აღარასოდეს ეკურთხებინა ეპისკოპოსი სადმე სხვაგან, გარეშე სვეტიცხოვლის ტაძრისა. ეს უმეცრებით ჰყო, ამიტომ შევუნდობ, მაგრამ სხვა დროს აღარ ვაპატიებ „შეურაცხყოფას საყდრისა ჩემისაო", - უბრძანებია უფალს.

ეკლესიის ერთიანობას არად დაგიდევდნენ სამცხის ათაბაგები და მცხეთის საყდართან კავშირის გაწყვეტის მცდელობით იმისაც მიაღწიეს, რომ ეს დალოცვილი მხარე სულიერადაც და ფიზიკურადაც დაცარიელდა და გამოიფიტა. უფლის კვართის დარღვევის სურვილით მათ საკუთარი სული დაარღვიეს და მომავალ თაობებს დაუტოვეს იმხელა ტვირთი, რომ არ ვიცი, მისი ამწევი ოდესმე თუ დაიბადება...


სვეტიცხოველში დაბრძანებული სიწმინდე - 
ჯვარი პატიოსანი

სვეტიცხოველი - ნიჭის ღვთიური ქმნილება


არა მყოლია მეციხოვნენი,
არა მყოფილვარ მეტის მთხოვნელი,
მე შევქმენ მხოლოდ სვეტიცხოველი!

მარადისობას შეჭიდებული
არვის ვეგონო ძე დიდებულის,
გვარიც არ მქონდა ძველი, ქებული.

მე თვით უარვყავ ცხოვრება მშვიდიი
და მყუდროების სავანე ფლიდი,
ვიდექ: ვძერწავდი, ვჭრიდი და... ვშლიდი.

სიტკბოებისთვის კარი დავხურე,
ხან ვიშიმშილე, ხან ვიმარხულე
და ღვთის სახელით ხალხს ვემსახურე.

ქმნა კეთილისა ყოფილა ჯვარცმა...
რამდენი ლოდი დავლეწე კაცმა!
რამდენჯერ ვიგრძენ მიმწუხრის განცდა!

ქვაში ავანთე ფერი ყოველი.
მე დაგიტოვეთ სვეტიცხოველი.


XoXo Your Chu♡Pa
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს )))
ვიცი რომ ბევრი არის წასაკითხი :D მაგრამ ყველას გთხვოთ წაიკითხოოთ ))
დაწვრილებით არის ყველაფერი  დღევანდელი დღის შესახებ ამ სიახლეში...
ყველანი მიყვარხააართ :*

კატეგორია: სხვა | ნანახია: 1305 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-10-14 7:44 PM)
* 5 salo   [Entry]
gilocavt yvelas!!! ♥